ჯანსაღი გამაგრილებელი სასმელი ზაფხულისთვის
ცხელ ზაფხულში მხოლოდ ცივი წყალი საკმარისი არასოდეს არაა გასაგრილებლად, სწორედ ამიტომ გთავაზობთ გაიხალისოთ თქვენი საზაფხულო წვეულებები და მეგობრული შეხვედრები ან უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრება ჩვენი ახალი ცივი სასმელის რეცეპტით, რომელიც არამარტო საოცრად ესთეტიურად გამოიყურება, ასევე სასიამოვნო გემოც აქვს და გამაგრილებელი ეფექტიც. თანაც მის მოსამზადებლად დიდი ძალისხმევა სულაც არაა საჭირო, მხოლოდ მაცივრის და საჭირო ინგრედიენტების ქონა. ამასთან ჩვენი სასმელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და შეიცავს მხოლოდ ნატურალურ შაქარს, ერთ ჭიქაში კი მხოლოდ 18 კილო კალორიაა.
საჭირო ინგრედიენტებია:
- 1 წითელი გრეიპფრუტი
- 1 ლაიმი
- 3 ცალი როზმარინის ყლორტი
- 1 ლიტრი გაზირებული მინერალური წყალი
მომზადების წესები:
- გათალეთ და გაფცქვენით გრეიპფრუტი გათლილ კანს მოაშორეთ თეთრი ნაწილი, ამოჭერით გრეიპფრუტის შიგთავსი აპკიდან სამკუთხედებად, მოათავსეთ გარეკანი და სამკუთხედი გრეიპფრუტის ნაწილები 1.5 ლიტრიან ჭურჭელში.
- თხლად დაჭერით ლაიმი და დაამატეთ გრეიპფრუტიან ჭურჭელს ლაიმის ნაჭრები და როზმარინის ყლორტები, ფრთხილად დაასხით 1 ლიტრი მინერალური გაზირებული წყალი და 30 წუთით შედეთ მაცივარში, რომ გემოები კარგად გამოიყოს და აირიოს.
- თუ გსურთ 1 დღით წინასწარ გააკეთოთ მოცემული სასმელი გირჩევთ როზმარინის ყლორტები გაკეთებიდან 3 საათში ამოიღოთ, რომ მისმა გემომ ციტრუსის არომატები არ გადაფაროს.