კალცონე - პიცისა და ხაჭაპურის უგემრიელესი შეხვედრა
პიცა უნივერსალურად ცნობილი კერძია, მსოფლიოში მისი უამრავი ვარიაცია ყოველ დღიურად მზადდება, თუმცა დღეს გვინდა შემოგთავაზოთ მისი მომზადების ერთ-ერთი გზა, რომელიც საოცრად წააგავს ქართულ ცომეულს და ამავდროულად ინარჩუნებს პიცის ჩვენთვის საყვარელ თვისებებს.
კალცონე პიცის ნაირსახეობაა, არანაკლებ გემრიელი და ბევრად უფრო მარტივად მისართმევი. მოარგეთ ეს კერძი თქვენს გემოვნებას მასში თქვენი საყვარელი ინგრედიენტების დამატებით და დაზოგეთ დრო მისი წინასწარ მომზადებით, რადგან მისი ხელახლა გათბობა მარტივი და უპრობლემოა და ის თან წასაღებადაც ძალიან მოხერხებულია.
კალცონე ღუმელში გამომცხვარი გადაკეცილი პიცაა შეკეცილი ბოლოებით, რათა შიგთავსი შიგ დარჩეს, ის ჩვეულებრივ პიცაზე ბევრად პატარაა და ერთი ცალი მხოლოდ ერთი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ყველა ინგრედიენტი რაც პიცაშია ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას კალცონეშიც, შიგთავსი მრგვალად გაბრტყელებული ცომის ერთ ნახევარზე თავსდება და მეორე ნახევრი კი ზემოდან ეფარება, შემდეგ მის გახსნილ მხარეს ერთმანეთთან აერთებენ და ზემოდან კვერცხის ცილას ან ზეითუნის ზეთს უსვავენ. რის შემდეგაც ის ღუმელში ცხვება.
რამდენიმე რჩევა სანამ რეცეპტზე გადავალთ:
- ცომი: შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლში გაკეთებული პიცის ცომი, ან იყიდოთ უკვე შეზავებული პიცის მოსაზელი მიქსი.
- შიგთავსი: სოუსის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ პიცის საწებელი რომელიც მზად იყიდება, თავად მოამზადოთ საწებელი, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ. გარდა საწებლისა არ არსებობს შიგთავსების ლიმიტი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით აირჩიოთ ნებისმიერი შიგთავსი, თუმცა ჩვენ ერთ-ერთ მარტივ და სტანდარტულ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
- ყველი: უმთავრესი ინგრედიენტი კალცონეში, რათქმაუნდა არჩევანის თავისუფლება აქაც გაქვთ. პოპულარული ვარიანტებია მოცარელა ან რიკოტა, ცოტა პარმეზანის დამატებაც ძალიან უხდება. მოცარელა შესაძლებელია სულუნით ჩანაცვლდეს თუმცა მოცარელა ბერად უფრო რეკომენდებულია.
პიცის სოუსის რეცეპტი:
ინგრედიენტები
- 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- ¼ ჭიქა დაჭრილი ხახვი
- 1 კბილი დაჭრილი ნიორი
- 200 გრამი დაჭყლეტილი პომიდორი
- 3 სუფრის კოვზი ტომატ პასტა
- 1 ჩაის კოვზი ბაზილიკის სუნელი
- 1 ჩაის კოვზი ორეგანოს სუნელი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
- ½ ჩაის კოვზი მარილი
მომზადება
- საშუალო ტემპერატურაზე ტაფაზე ზეითუნის ზეთში მოამზადეთ ხახვი და ნიორი დაახლოებით 10 წუთი ან სანამ ოქროსფერი გახდება
- დაამატეთ დაჭყლეტილი პომიდორი და ტომატ პასტა და ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ
- დაამატეთ სხვა ინგრედიენტები და მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას და ადუღეთ 30 წუთი ან სანამ შესქელდება.
4 კალცონესათვის დაგჭირდებათ:
- 500 გრამი პიცის ცომი
- ½ ჭიქა პიცის სოუსი
- ½ ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი
- ½ ჭიქა წვრილად დაჭრილი მწვანე ბულგარული წიწაკა
- ½ ჭიქა დაჭრილი პეპერონი
- 1 ჭიქა ყველი მოცარელა დაქუცმაცებული
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი/ ან 1-2 კვერცხის ცილა
ინსტრუქციები
- წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 220 °C-ზე, დააფარეთ საცხობი ქაღალდი დიდ ჟარუნაზე
- გაყავით პიცის ცომი 4 თანაბარ ნაწილად და გააბრტყელეთ თითოეული წრის ფორმაზე, ისე რომ თითოეული ნახევარი სანტიმეტრი სისქის დარჩეს,.
- თითოეული ცომის ნახევარზე განათავსეთ თანაბარი რაოდენობის: სოუსი, ხახვი, ბულგარული წიწაკა, და დაჭრილი პეპერონი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბოლოებში დარჩეს ადგილი, რომ ცომის ბოლოები ერთმანეთთან შეერთდეს. შიგთავსს მოაყარეთ თავზე ყველი.
- გადაკეცეთ ცომი და ბოლოები თითების დაჭერით შეაერთეთ ერთმანეთთან
- კალცონეს ზედა ნაწილზე 3-4 პატარა ნაჩხვლეტი გაუკეთეთ, ჰაერისთვის და გადადეთ ის ჟარუნაზე.
- წაუსვით თავზე ზეითუნის ზეთი ან კვერცხის ცილა და გამოაცხვეთ 15 წუთი, ან სანამ მთლიანად გამოცხვება კალცონე ოქროსფერი გახდება
გემრიელად მიირთვით!