ორაგული თაფლითა და ნივრით - ჯანსაღი მთავარი კერძი თქვენი ოჯახისათვის
საზოგადოებისთვის დიდ გამოწვევად იქცა სწორად დაბალანსებული კვება, თანამედროვე ადამიანს უბრალოდ არ სცალია, იმისთვის, რომ დღეში სამჯერ მოამზადოს საკვები ღირებულებებით დაბალანსებული კერძი, იყიდოს დიდი რაოდენობის ინგრედიენტები და ამასთან მოასწროს მისი ყოველდღიური აქტივობები. სწორედ ამიტომ გთავაზობთ სადილის მთავარი კერძის რეცეპტს, რომელიც არამარტო მარტივად და სწრაფად მზადდება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ 5 ძირითად ინგრედიენტს მოითხოვს, რომლებიც ყველა ოჯახის მაცივარშია.
რეცეპტის მთავარი ინგრედიენტია ორაგული, იგი მსოფლიოში აღიარებულია თევზების მეფედ, აღსანიშნავია, რომ ორაგული მრავლად შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ორგანიზმზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. ეს თევზი მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია აგრეთვე მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E D და PP ვიტამინები.
გარდა ორაგულისა, ჩვენი რეცეპტი 3 სხვა სუპერ ინგრედიენტსაც შეიცავს, ესენია თაფლი, ნიორი, და ლიმონი სამივე მათი მახასიათებლებით დღეს მსოფლიოშია ცნობილი.
გადავიდეთ თავად რეცეპტზე, რომელიც 4 ადამიანზეა გათვლილი.
ორაგული თაფლით და ნივრით
ინგრედიენტები კერძისათვის:
- 4 ცალი 250 გრამიანი ორაგულის ფილე
- მარილი და პილპილი
- ½ ჩაის კოვზი პაპრიკა
- 2 სუფრის კოვზი კარაქი
- 4 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი
- 4 სუფრის კოვზი თაფლი
- 1 სუფრის კოვზი წყალი
- 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
- 1 სუფრის კოვზი ახლად გამოწურული ლიმონი (ცოტა მეტი თუ სერვიერბისას ზედ მოსხმა გსურთ)
- ლიმნის ნაჭრები სერვირებისთვის
მომზადების წესები:
- თქვენი გემოვნების მიხედვით შეკმაზეთ ორაგული მარილით, პილპილით და პაპრიკით და დროებით გადადეთ
- ტაფა გააცხელეთ ქურაზე, ტაფაზე გაადნეთ კარაქი , დაამატეთ ნიორი და დაახლოებით 1 წუთი წვით, დაამატეთ თაფლი, წყალი და სოიოს სოუსი, მოურიეთ და დაამატეთ ლიმონის წვენი.
- ტაფაზე მომზადებულ სოუსს დაამატეთ ორაგული (თუ ორაგულს აქვს კანი მაშინ კანით დაბლა) 3-4 წუთი, ან სანამ ოქროსფერი გახდება წვით ტაფაზე ცალი მხრით, ზემოდან კოვზით ასხით მდუღარე სოუსი ტაფიდან. თუ გსურთ დაამატეთ პილპილი და მარილი
- სურვილისამებრ შეგიძლიათ უფრო მძაფრი გემოსთვის ტაფაში დაამატოთ ლიმნის ნაჭრები. ნაჭრების დამატების შემდეგ ამოაბრუნეთ ორაგულის ფილეები და 5-6 წუთი კიდევ გააგრძელეთ ზემოთ აღწერილი პროცესი.
- სერვირებისას ორაგულს მოასხით ტაფაში დარჩენილი სოუსი და ლიმნის წვენი, კერძი შეგიძლიათ მიირთვათ ბრინჯთან ან სალათთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!